ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მზადაა კიმ ჩენ ინს თავისი ხალხი გადასცეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, კურსკის ოლქში დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელების გაცვლის ფარგლებში სამშობლოში დააბრუნოს.
„ჩრდილოეთ კორეელი პირველი დატყვევებული ჯარისკაცების გარდა, უდავოდ იქნებიან სხვებიც. დროის საკითხია, სანამ ჩვენი ბიჭები შეძლებენ მეტის ხელში ჩაგდებას. უკრაინა მზადაა გადასცეს თავისი ხალხი კიმ ჩენ ინს, თუ მას რუსეთის ტყვეობაში მყოფ ჩვენს ჯარისკაცებში მათი გაცვლის ორგანიზება შეუძლია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ვიდეოში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა, ერთ-ერთ ტყვეს ეკითხებიან, იცოდა თუ არა, რომ უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, ის კი უარის ნიშნად თავს აქნევს. თარჯიმნის თქმით, ტყვეს უთხრეს, რომ ის უბრალოდ წვრთნებზე მიდიოდა. მან ასევე თქვა, რომ სურდა უკრაინაში დარჩენა და ცხოვრება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც არ სურთ დაბრუნება, შეიძლება არსებობდეს სხვა გზებიც. კერძოდ, იმ კორეელებს, რომლებიც გამოხატავენ მშვიდობასთან დაახლოების სურვილს ამ ომის შესახებ სიმართლის კორეულად გავრცელებით, მიეცემათ ასეთი შესაძლებლობა.