ტანკერზე, რომელსაც ერაყის წყლებში ირანი დაესხა თავს, ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ – თავდასხმას ყველა მათგანი გადაურჩა
სპარსეთის ყურეში, ერაყის პორტ ბასრასთან ახლოს, 12 მარტის ღამეს, ნავთობტანკერ Zefyros-ზე ირანის თავდასხმას 23 ქართველი მეზღვაური გადაურჩა,- ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მალტის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მყოფი ყველა ქართველი გადარჩა.
ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის მეუღლემ, ნინჩო სურმანიძემ მედიას განუცხადა, რომ ეკიპაჟი სხვა გემზე გადაიყვანეს და მეზღვაურების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“მე ვესაუბრე წუხელ ღამის 12 საათზე და ყველაფერი კარგად იყო. მერე თვითონ დამირეკა ღამის 2-ის ნახევრისთვის, ჩქარ-ჩქარა მითხრა: “ყველა კარგად ვართ, ყველა გადავრჩით”. ბოლოს უკვე დილას ველაპარაკე – ამათ ტანკერს დრონიც მოხვდა, ყველაფერი დაიწვაო. მეორე ტანკერზე იყო მსხვერპლი. ერაყის პორტში არიან გადაყვანილები”, – უთხრა რადიო თავისუფლებას მეზღვაურ ირაკლი ჯაშის მეუღლემ.
“როიტერი” სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულმა ირანულმა ნავებმა განახორციელეს.
ერაყის ხელისუფლების განცხადებით, ტანკერებიდან 38 მეზღვაური გადაარჩინეს და დაადასტურეს, რომ სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.