“ევროპის უნივერსიტეტში” აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 მარტს “ევროპის უნივერსიტეტში” აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დელეგაციას წარმოადგენდნენ ჯონ სილვერი, აშშ-ის საელჩოს (ანკარა) რეგიონული ინგლისური ენის ოფიცერი, ლია გუმბერიძე, აშშ-ის საელჩოს (თბილისი) ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი და აიჩან იამანი, აშშ-ის საელჩოს (ანკარა) რეგიონული ინგლისური ენის სპეციალისტი.
“ევროპის უნივერსიტეტის” მხრიდან კოლეგებს უმასპინძლეს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვიცე-რექტორმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ვიცე-რექტორმა სოფიო ხუნდაძემ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა მარიამ ორჯონიკიძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ლაურა პაპასქუამ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის საერთაშორისო კონფერენციების, ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზებას.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირების მეთოდოლოგიის შემუშავებისა და პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობების მხარდაჭერა.
მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობს ინგლისური ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარებას საქართველოში.