გაკოტრებული გამომცემლები განათლების სამინისტროსგან 15 -მილიონიან დანაკარგს ითხოვენ

გამომცემლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო სახელმძღვანელოებზე საავტორო უფლებების წართმევაში ადანაშაულებენ და სამინისტროსგან 15 მილიონი ლარის ოდენობით დამდგარი და მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამომცემლებმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთეს.
გამომცემლობები იმ ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც, მათი განცხადებით, გამომცემლობებს სამინისტროს გადაწყვეტილების შედეგად მიადგათ.
განათლების ყოფილი მინისტრისა და ამჟამად საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, უკვე მეორე წელია გამომცემლობებს ჩამოერთვათ სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვისა და გამოცემის უფლება. წიგნებს, სახელმწიფოს დაკვეთით, „გაერთიანებული ქართული სტამბა“ ბეჭდავს და საჯარო სკოლების მოსწავლეებს უფასოდ ურიგდებათ.
როგორც გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელმა კახმეგ კუდავამ განმარტა, 2011 წელს განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებულ კონკურსში 18 ქართულმა და 3 უცხოურმა გამომცემლობამ გაიმარჯვა, რის შედეგადაც გამარჯვებულმა ავტორებმა და გამომცემლებმა სასკოლო სახელმძღვანელოების 6 წლის მაძილზე დაბეჭდვის უფლება მიიღეს, თუმცა, კუდავას განცხადებით, სამინისტრომ მათ მიერ დაბეჭდილი წიგნები არ შეიძინა, რის გამოც გამომცემლებს ძალიან დიდი ფინანსური ზარალი მიადგათ.
„განათლების სამინისტრომ 2011 წელს ჩაატარა სახელმძღვანელოების კონკურსი, რაშიც 18-მა ქართულმა  და 3-მა უცხოურმა გამომცემლობამ გაიმარჯვა. ჩვენმა ავტორებმა და გამომცემლებმა, ამისათვის 6 -წლიანი გრიფი მიიღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სახელმძღვანელოების მესაკუთრე ავტორი და გამომცემელობები არიან. 2011 წლიდან 6 წელი საავტორო უფლებები გამომცემლებსა და ავტორებს ეკუთვნით. მარგველაშვილმა მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და სახელმძღვანელოების ბეჭდვა ჩვენ მიერ ჩაბარებული კომპაქტდისკების საშუალებით დაიწყო. ყოველგვარი ტენდერის გარეშე, თავის მიერვე შერჩეულ სტამბებს დააბეჭდინა სასკოლო სახელმძღვანელოები. ჩვენ ველოდით, რომ ახალი მინისტრი ჩვენთვის მოყენებულ ამ ზარალს რაღაც სახით მაინც აგვინაზღაურებდა, მაგრამ სანიკიძემ სამინისტროში მარგველაშვილის პოლიტიკა გააგრძელა. ჩვენ მივმართეთ განათლების სამინისტროს, რომ შეეძინა ჩვენგან ამ წიგნების ნაშთები ერთი ლარით უფრო იაფად, ვიდრე ისინი აბეჭდინებდნენ. ჯამში კი, განთლების სამინისტრო შეთავაზებული წინადადებით ბიუჯეტიდან მილიონ ლარს დაზოგავდა. ამჟამად ჩემი გამომცემლობის საცავში 400 000 სახელმძღვანელო ინახება, რის გამოც „ინტელექტმა“ ათეულობით ათასი ლარი იზარალა“,- განაცხადა კახმეგ კუდავამ.
მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ოთხმა გამომცემლობამ სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყო, რომელიც საქალაქო სასამართლოში სამინისტროს სასარგებლოდ დასრულდა. კუდავას განცხადებით, სასამართლო განჩინების მიღებისთანავე გამომცემლები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. საჭიროების შემთხვევაში კი, მათივე განცხადებით, ევროსასამართლოშიც შეიტანენ სარჩელს. სასამართლოს გადაწყვეტილებითა და განათლების სამინისტროს პოლიტიკით უკმაყოფილოა გამომცემლობა „დიოგენეს“ დირექტორი თამარ ლებანიძეც. მისი განცხადებით, განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმა ზიანს არა მხოლოდ საგამომცემლო საქმიანობას, არამედ, ზოგადად, განათლების სისტემას აყენებს.
მისი თქმით, „დიოგენეს“ საცავში აუთვისებელი სასკოლო სახელმძღვანელოების მილიონამდე დაბეჭდილი ეგზემპლარი ინახება, რის გამოც გამომცემლობას დიდი მატერიალური ზიანი მიადგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები