აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
დოკუმენტი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განხორციელებას, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები დაგეგმავენ საჯარო ლექციებს, შეხვედრებსა და კონფერენციებს, ასევე ხელს შეუწყობენ აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების სხვადასხვა პროექტებში აქტიურ ჩართულობას.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას, ცოდნის გაზიარებასა და იმ საკითხებზე მუშაობას, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია.