ნიკა ჩიტაძე: უმჯობესი იქნება თუ დაკავებულ მაღალჩინოსნებს გაათავისუფლებენ

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავებას საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი ნიკა ჩიტაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური შეფასებაც უნდა გაკეთდეს.
ექსპერტისთვის გარკვეულ კითხვებს აჩენს მომხდარი შემთხვევის გამო თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. მისი თქმით, მაშინ, როდესაც მილიონობით ლარი პრემიების სახით საჯარო უწყებებიდან იყო გაცემული, არავის მორალური პასუხიმგებლობის საკითხი არ დამდგარა, რაც, მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ კიდევ ერთი ფარული დაპირისპირების არსებობის შესახებ ეჭვს აჩენს.
„მაღალი პრემიების დროს არც ცენტრალურ და არც ადგილობრივი თვითმართველობის რეგიონებში არავისი მორალური პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მაშინ, როდესაც ეს თანხები რამდენიმე მილიონს შეადგენდა, ჯამში. როდესაც საუბარია კორუფციასთან ბრძოლაზე, მაშინ შესაბამისმა უწყებებმა კონტროლის ქვეშ უნდა აიყვანონ შესყიდვები, რომელსაც სამინისტროები ახორციელებენ. უნდა იყოს აწონ-დაწონილი ის, თუ რამდენად წარმატებული მინისტრია ალასანია და მისი გათავისუფლების საკითხი მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევის დონეზე არ უნდა იყოს განხილული. ამან შეიძლება საზოგადოებაში „ქართულ ოცნებაში“ კიდევ ერთი დაპირისპირების შესახებ გააჩინოს კითხვები“,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ჩიტაძემ არ გამორიცხა, რომ ირაკლი ალასანია, როგორც პროდასავლური ლიდერი, ბევრისთვის მიუღებელიც იყოს. „გამორიცხული არ არის, ალასანია, როგორც გამორჩეული ფიგურა და ინტელექტუალი, ბევრისთვის მიუღებელიც იყოს, შესაძლებელია, ფარულ დაპირისპირებასთანაც გვქონდეს საქმე“ – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ჩიტაძის განცხადებით, აუცილებელია საზოგადოება გამოძიების მიერ დადებულ შედეგებს დაელოდოს, თუმცა მისივე თქმით, ალბათ უმჯობესი იქნება თუ დაკავებული მაღაჩინოსნები სასამართლოს განაჩენამდე გათავისუფლდებიან და თავდაცვის მინისტრის მოადგილეების შუამდგომლობა დაკმაყოფილდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. „თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები