დავით ნარმანია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დელეგაციას შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო „ჯაიკას“ (JICA) აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიისა და კავკასიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს კაე იანაგისავას და იაპონურ დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში იაპონური კომპანიების წარმომადგენლებიც იყვნენ.
თბილისის მერიის ცნობით, შეხვედრაზე სააგენტოსთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, კერძოდ, მუნიციპალური სერვისის გაუმჯობესების კუთხით იაპონური გამოცდილების გაზიარებასა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე კულტურის სფეროში შესაძლო გაცვლით პროგრამებს.
როგორც მერიაში განმარტავენ, თბილისის მერი „ჯაიკას“ მიმდინარე პროქტებით დაინტერესდა. დავით ნარმანიას თქმით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება დედაქალაქში ინფრასტრუქტურის, ურბანული ტრანსპორტის და ნარჩენების გადამუშავების კუთხით არსებული პრობლემების მოწესრიგების თვალსაზრისით. მისივე თქმით, მზადდება საინვესტიციო წინადადებები, რათა დაინტერესების შემთხვევაში საქართველოში იაპონელი ინვესტორები შემოვიდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ დედაქალაქის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი, ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი ბერეკაშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, საქართველო-იაპონიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნანა ყეინიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები