გივი მიქანაძე: ჩვენი გადაწყვეტილებით, წლების შემდეგ, ღვაწლმოსილი პედაგოგი სკოლას დაუბრუნდება და მას ექნება შესაძლებლობა, ბავშვების გარემოცვაში ემსახუროს იმ საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გივი მიქანაძე ხანდაზმულთა თავშესაფარს ეწვია და ქალბატონებს 8 მარტი მოულოცა.
„ქალთა საერთაშორისო დღე და გაზაფხულის დადგომა მივულოცეთ ჩვენს ძვირფას ქალბატონებს და კიდევ ერთხელ, მადლიერება და პატივისცემა გამოვხატეთ მათ მიმართ.
ჩვენს სამშობლოში ქალის როლი ისტორიულად განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი ქვეყნის კულტურა და სახელმწიფოებრივი ტრადიციები.
ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის განვითარებაში — მეცნიერებაში, განათლებაში, სახელმწიფო მართვაში, კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო განათლების სფეროში მოღვაწე ქალბატონები, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან ჩვენი შვილების – მომავალი თაობების აღზრდას.
დღეს შევხვდი ხანდაზმულთა თავშესაფარში მცხოვრებ ქალბატონს, ლუარა სარიშვილს, რომელიც 30 წელი სკოლაში პედაგოგად მუშაობდა და ახლა ოცნებად აქვს ქცეული სკოლაში დაბრუნება. ჩვენი გადაწყვეტილებით, წლების შემდეგ, ღვაწლმოსილი პედაგოგი სკოლას დაუბრუნდება და მას ექნება შესაძლებლობა, ბავშვების გარემოცვაში ემსახუროს იმ საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.