გიორგი ჯინჭარაძე – დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეა, რომლის გამოც თავი გაწირა ჟიული შარტავამ, იქნება აღსრულებული, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში
საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას 82 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ დავით ვერავასთან, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირების პარკში, ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
„დღეს პატივი მივაგეთ ჟიული შარტავას ხსოვნას. ეს იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა სამშობლოს, მიუძღვნა აფხაზეთს. მისი თავგანწირვა, მისი თავდადება არის მაგალითი თუ როგორ უნდა იცხოვროს ქართველმა ადამიანმა.
დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეა, რომლის გამოც თავი გაწირა ჟიული შარტავამ, იქნება აღსრულებული, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში და საქართველო იქნება ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს. 2004 წელს მას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.