ბოსტნეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ლაშა დოლიძემ და ლაშა ავალიანმა ბოსტნეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან დარგის განვითარების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.

„ბოსტნეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრაზე განვიხილეთ საკანონმდებლო და მარეგულირებელი საკითხები, სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის, სარწყავი წყლის მიწოდება; ასევე, ცოდნის გავრცელებისა და დაფინანსების მექანიზმები. შევთანხმდით, რომ თანამშრომლობას გავაგრძელებთ კონკრეტული პროექტების ფარგლებში, რაც მოიცავს დაფინანსების სისტემის გაუმჯობესებას, მონიტორინგსა და ცოდნის გავრცელების ეფექტიან სქემებს“, – აღნიშნა ლაშა დოლიძემ.

შეხვედრაზე ფერმერებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ სარწყავი წყლის ახალ ტარიფთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის განსაზღვრული. ასევე, განხილული იყო სარწყავი წყლის ტარიფის სუბსიდირების მექანიზმში განხორციელებული ცვლილებები. აღინიშნა, რომ წყალმომხმარებლებთან სამელიორაციო მომსახურებაზე დროულად გაფორმებული ხელშეკრულებები უზრუნველყოფს სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას და სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

„ფერმერებთან ერთად შევაჯამეთ და განვიხილეთ საკითხები, რომლებიც 2026 წლის მელიორაციისა და ირიგაციის სეზონის დაწყებას უკავშირდება. ფერმერებმა გაგვიზიარეს მათი მოსაზრებები. ჩვენი მხრიდან გავაცანით ახალი პროგრამები, რომლებიც ეხება სუბსიდირების მექანიზმს, ხელშეკრულებების ახალ სისტემას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას და ფერმერებისთვის საჭირო ინფორმაციის დროულ მიწოდებას“, – განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.

ფერმერების შეფასებით, შეხვედრა ნაყოფიერი იყო. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრებები სამინისტროს წარმომადგენლებს პირადად გაუზიარონ და, ამავდროულად, დარგში არსებულ გამოწვევებზე დიალოგი მომავალშიც გაგრძელდეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები