საქართველოს მოქალაქეობის საკითხები რიგი მიმართულებით ახლებურად დარეგულირდება

  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს მხარი დაუჭირა. “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონპროექტზე კომიტეტმა დღეს იმსჯელა. პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები რიგი მიმართულებით ახლებურად დარეგულირდება. ცვლილების მიხედვით, ქვეყნის მოქალაქედ ითვლება ბავშვი, რომლის ორივე ან ერთ-ერთი მშობელი, დაბადების ადგილის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეა. ასევე ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შვილი, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მშობლის ქვეყანა ბავშვს საკუთარ მოქალაქედ არ ცნობს.
როგორც საკომიტეტო მოსმენისას იუსტიციის მინიტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განმარტა, პროექტით გათვალისწინებულია “ნიადაგის პრინციპით” მოქალაქეობის მოპოვების ახალი რეგულაციები. შემოღებულია იმ ბავშვის საქართველოს მოქალაქეობის განსაზღვრის რეგულაცია, რომლის ერთ-ერთი მშობელი მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე – განუსაზღვრელი მოქალაქეობრივი კუთვნილებისაა. მისი თქმით, კანონპროექტში რამდენიმე ნოვაციაა. კერძოდ, დიფერენცირებულია სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირების საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები. ასევე ახლებური მიდგომებია შემოთავაზებული საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისას, გაუქმებულია სხვა ქვეყანაში ცხოვრების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები