შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს პოლონეთის დელეგაციამ სახანძრო აღჭურვილობა გადასცა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს, დამატებითი აღჭურვის მიზნით, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარმა სკოლამ ჰუმანიტარული ტვირთის სახით საჩუქრად სახანძრო აღჭურვილობა გადასცა. ტვირთის მიღების ცერემონია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები – გიორგი გაზდელიანი და თეიმურაზ კორძაია, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი, ქალაქ ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარი სკოლის რექტორი, გენერალი რიჩარდ დაბროვა, თანამშრომლები რაფაელ მატუსკევიჩი და მარტინ ლაფაჩი, ამავე სკოლის ქიმიური და ეკოლოგიური დეპარტამენტის დირექტორი ზდზისლავ სალამონოვიჩი, ასევე, ვარშავის სახანძრო აღჭურვილობის კომპანიის წარმომადგენლები დომინიკ მარკოვსკი და ვლადიმერ ჩლებოვსკი დაესწრნენ. პოლონეთის დელეგაციამ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს სპეციალური აღჭურვილობა: სახანძრო ჩაფხუტი, სახანძრო ფეხსაცმელი, სახანძრო ხელთათმანი, სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო ტანსაცმელი, სასიგნალო აღჭურვილობა და ინსტრუმენტების ნაკრები გადასცა. ტვირთის მიღების დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, ხოლო პოლონეთის მხრიდან – ქალაქ ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარი სკოლის რექტორმა, გენერალმა რიჩარდ დაბროვამ. აღნიშნული სახანძრო აღჭურვილობა ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს უსაფრთხოების და ასევე, მოსახლეობის დაცულობის უზრუნველყოფის გაუმჯობესებას.