ირანმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე შვიდ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე საკომუნიკაციო სისტემები დააზიანა
ირანმა ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების პირველი სამი დღის განმავლობაში აშშ-ის სულ მცირე, შვიდ სამხედრო ობიექტზე საკომუნიკაციო და რადარის აღჭურვილობა დააზიანა.
ამის შესახებ გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ თანამგზავრიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
გაზეთმა გაშიფრა თანამგზავრული ფოტოები და ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ირანის ძალების მიერ 28 თებერვლიდან 2 მარტამდე პერიოდში მიყენებულ ზიანს ადასტურებს.
გაზეთი წერს, რომ კადრებში ჩანს ბალისტიკური რაკეტების აღმოსაჩენად გამოყენებული რადარის სისტემების, ასევე თანამგზავრული საკომუნიკაციო ანტენებისა და მათი დამცავი კორპუსების დაზიანება.
გამოცემა ვარაუდობს, რომ ირანის დარტყმები მიზნად ისახავდა ამერიკულ ძალებს შორის კომუნიკაციის ჩაშლას, ისევე როგორც ეს მოხდა გასული წლის ივნისში, დაძაბულობის ესკალაციის დროს.
ანალიზის თანახმად, ირანის თავდასხმებმა, სავარაუდოდ, დააზიანა აღჭურვილობა აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე ბაჰრეინში, ქუვეითში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ასევე კატარში მდებარე ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზაა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პრესსამსახურმა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.