დიმიტრი ხუნდაძე: თავისუფალ მედიაზე, სიტყვის თავისუფლების სახელით, თავდასხმა ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც არა მხოლოდ ამ ტელევიზიების, არამედ მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ
ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა” და „პოსტ TV”-ის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმიანება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
დეპუტატი ტელეკომპანია “იმედსა”და “პოსTV”-ს სრულ თანადგომას უცხადებს და წერს, რომ საქართველოს მორჩილებისათვის ბრძოლა არ წყდება და მის დასაცავად, უკან არ უნდა დავიხიოთ.
„სრულ თანადგომას ვუცხადებ ტელეკომპანია “იმედს”და “პოსTV”-ის.
თავისუფალ მედიაზე, სიტყვის თავისუფლების სახელით, თავდასხმა ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც არა მხოლოდ ამ ტელევიზიების, არამედ მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ.
ჩვენი სამშობლოს მორჩილებისათვის ბრძოლა არ წყდება და ჩვენც, მის დასაცავად, უკან არ უნდა დავიხიოთ.
მსოფლიო უმძიმეს გამოცდას გადის.ზოგ ქვეყანას იარაღზე წაუცდა ხელი, ზოგი მსხვერპლად იქცა, ზოგი სხვის უბედურებაზე საკუთარ სიძლიერეს აშენებს, საქართველო კი თავს არავის ესხმის და მხოლოდ საკუთარ სუვერენიტეტს და მშვიდობას იცავს, რასაც ამ უთანასწორო ბრძოლაში მაინც ახერხებს.
ჩვენი მთავარი იარაღი სიმართლეა და სწორედ ამიტომ უპირისპირებენ მას სიცრუეს და დეზინფორმაციას.
დღეს ქართული სახელმწიფოს „ციხესიმაგრის” შიგნიდან გატეხვას ცდილობენ, მაგრამ ასეთ მცდელობას მათთვის სასურველი შედეგი ვერ ექნება და ვერც იმედს მოუკლავენ საზოგადოებას.
მშვიდობისა და სიმშვიდისთვის ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი და შეცდომის დაშვების უფლება, არც ხელისუფლებას და არც საზოგადოებას არ აქვს,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.