“სამწუხაროდ, უკრაინა-რუსეთის ომის დასრულება ახლო პერსპექტივაში არ ჩანს, ამიტომ, მათთვის აქტუალურია, რომ მეორე ფრონტი არსებობდეს” – ქადაგიშვილი
“ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, უკრაინა-რუსეთის ომის დასრულება ახლო პერსპექტივაში არ ჩანს და, სულ მცირე, ეს ომი მიმდინარე წლის განმავლობაში გაგრძელდება, ამიტომ, მათთვის აქტუალურია, რომ მეორე ფრონტი არსებობდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციაზე არ წამოეგება, რის გამოც ზეწოლის ახალი ფაზა იწყება.
„მეორე ფრონტი ვერ იქნება შუა აზია და ბალტიისპირეთი, ეს მათთვის მიუღებელია, შუა აზიაზე წვდომა არ გააჩნიათ. ამიტომ, ისევ გამოცდილი და ძველი მეთოდი აქვთ, რომ რამენაირად, საქართველო პროვოკაციაზე იყოს წამოკიდებული. საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციაზე არ წამოეგება, რის გამოც ზეწოლის ახალი ფაზა იწყება. მათი მიზანია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ და ის ძალები მოიყვანონ, რომლებიც თანახმა იქნებიან, საქართველო გახადონ აქტიური ანტირუსეთის პროექტი, შეაჯახონ რუსეთს. ეს არის გეოპოლოტიკური გათვლა, მაგრამ ამის განხორციელება საქართველოსთვის არნახული ისტორიული მარცხი იქნებოდა. მათთვის სანქცია რა არის? – ის იარაღია, რითაც ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობას ცხოვრება გაურთულონ, გაუმწარონ და ისეთი მძიმე ეკონომიკური ვითარება შექმნას, რომ ამან მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვიოს. ელჩები პირდაპირი ტექსტებით გვეუბნებიან, რომ ამ ომმა ეკონომიკურად დაგვაზიანა და ახლა თქვენი ჯერიც არისო – ოთხი წელი თავი აარიდეთ, მაგრამ ახლა უნდა მოგხედოთ, რომ ეს ეკონომიკური ზარალი თქვენს თავზე იწვნიოთო. ამას პირდაპირ ამბობენ, მაგრამ აქ საუბარი მხოლოდ ეკონომიკაზე არ არის. რას ნიშნავს რუსეთთან სანქციური პოლიტიკის გატარებას? – არა მხოლოდ ეკონომიკის უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგდებას, არამედ იმას, რომ რუსეთი ისეთ პოლიტიკურ ბერკეტებს აამოქმედებს, როგორიცაა – ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციაში პირდაპირ ფედერაციად შეყვანა. შემდეგ, რას ვშვრებით, როცა ყოველგვარი პერსპექტივა ისპობა და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რუსეთი ოდესღაც დაიშლება თუ არა. ამას არავინ დაეძებს, მათთვის მთავარია, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხება მოხდეს და ამ მიზანში საქართველო ცეცხლის მოწიმავე ხაზზე უნდა იყოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.