ნიკოლოზ სამხარაძე: დასავლელი ჩინოვნიკები საქართველოს აიძულებდნენ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები შემოეღო და ამით თვითმკვლელობა ჩაედინა
“დასავლელი ჩინოვნიკები საქართველოს აიძულებდნენ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები შემოეღო და ამით თვითმკვლელობა ჩაედინა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბაქოში აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველოს სამმხრივ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთის მოთხოვნები არ გაითვალისწინა, მათ დაიწყეს ძალადობრივი ჯგუფების მხარდაჭერა.
„უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში დასავლეთის ზოგი ჩინოვნიკი, დიპლომატი და მთავრობა მოუწოდებდა საქართველოს ეკონომიკური თვითმკვლელობისკენ, რათა მას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები დაეწესებინა და ამით კონფლიქტის ესკალაცია ეკონომიკური სფეროდან პოლიტიკურ და სამხედრო სარტყელში გადაეტანა, რა დროსაც მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას კი არ შეექმნებოდა საფრთხე, არამედ ჩვენს სახელმწიფოებრიობასაც. გვექნებოდა სერიოზული ეგზისტენციალური საფრთხეები.
მას შემდეგ, რაც მათი მითითებები უარვყავით, მათ დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო მოძრაობის საფარქვეშ მოქმედი ძალადობრივი ჯგუფების მხარდაჭერა. მცირერიცხოვანი, მაგრამ სასტიკი ჯგუფები მოუწოდებდნენ სახელმწიფო გადატრიალებისკენ, პირდაპირ ეთერში სამთავრობო შენობების შტურმს ახორციელებდნენ და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს სერიოზულ ზიანს აყენებდნენ.
ამასთან ერთად, იგივე უცხოელმა პოლიტიკოსებმა, ჩინოვნიკებმა და დიპლომატებმა არა მხოლოდ თავი შეიკავეს აღნიშნული საზარელი ძალადობის დაგმობისაგან, ზოგ შემთხვევაში, ისინი ახალისებდნენ ამას. ზოგი მათგანი დემონსტრაციებშიც მონაწილეობდა და ამით საქართველოს შიდა საქმეებში ერეოდა.
თუმცა, ერთადერთი, რასაც მიადგა ზიანი ამ ისტორიის ინიციატორებისა და არქიტექტორების მეოხეობით, არის არა სახელმწიფო და საქართველოს მთავრობა, არამედ მათი რეპუტაცია, რადგან როგორც საზოგადოებრივი კვლევის შედეგები აჩვენებს, ქართველ ხალხში ისინი უკვე აღარ სარგებლობენ მაღალი პატივისცემით“, – განაცხადა სამხარაძემ.