არჩილ გორდულაძე: რასა იუკნევიჩიენე ის ადამიანია, რომელიც „ქართული ოცნების“ მილიონ 200 ათასზე მეტ მხარდამჭერს პარაზიტებად მოიხსენებს

“რასა იუკნევიჩიენე ის ადამიანია, რომელიც „ქართული ოცნების“ მილიონ 200 ათასზე მეტ მხარდამჭერს პარაზიტებად მოიხსენებს, ამ ადამიანის ლექსიკა პირდაპირ თანხვედრაშია ევროპაში 1930-1940-იან წლებში არსებულ ლექსიკასთან და დეჰუმანიზაციის მცდელობასთან”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანის მიერ მომზადებულ რეზოლუციას იმ ფურცლის ფასი აქვს, რომელზედაც ასეთი რეზოლუციები იბეჭდება.

„ევროპარლამენტში მიღებული არაერთი რეზოლუცია გვახსოვს, რომელიც ტყუილებით იყო გაჯერებული და მიზნად საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ისახავდა. ახლაც ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ნიშანდობლივია, რომ ევროპარლამენტში ერთი მხრივ, რეზოლუციები ინიცირდება და მეორე მხრივ, ჩვენს ქვეყანაში ევროპული ქვეყნების ელჩები განცხადებას აკეთებენ, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ რუსეთისთვის და მოგვიწოდებენ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ჩამოვშალოთ და ომის ქარცეცხლში გავეხვიოთ. საზოგადოება რწმუნდება, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები არსად წასულა და ზუსტად ახლა ქართველი ერის გაერთიანების დროა იმ გარე ჩარევების წინააღმდეგ, რომლის მიზანიც ჩვენს ქვეყანაში კონკრეტული პირების და აგენტურის მოყვანაა – შემდეგ კი, მეორე ფრონტის მოწყობა და იმ უბედურებაში ქვეყნის გადავარდნა, რომელიც ჩვენს მეგობარ უკრაინაში ტრიალებს“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაგეგმილია საქართველოს შესახებ მოხსენება, რომლის ავტორიც რასა უკნევიჩიენეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები