მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს, სიდჰარტო რეზა სურიოდიპუროსს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სიდჰარტო რეზა სურიოდიპუროსს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. მხარეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ამ კუთხით საერთაშორისო მონიტორინგის აუცილებლობას.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეზოლუციის – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხის გაეროს ფარგლებში განხილვის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და გაეროს როლს აღნიშნულ პროცესში.