გივი მიქანაძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები და სისტემაში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.

გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროგრამისა და სახელმძღვანელოების განახლებაზე, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფასა და განათლების ხარისხის ზრდის ხელშეწყობაზე.

ხაზი გაესვა სკოლასა და მშობელს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნული კავშირების გაძლიერების მხარდაჭერას.

შეხვედრაზე მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ მათთვის აქტუალური შეკითხვები როგორც სასკოლო ინფრასტრუქტურის, ისე სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და უნივერსიტეტებში მიღების წესის შესახებ. მინისტრმა თითოეულ საკითხზე ამომწურავად ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესებში მშობელთა აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

მშობლებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები