რევაზ სოხაძე საფრანგეთის ბიზნეს გაერთიანების MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე საფრანგეთის ბიზნეს გაერთიანების – MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრა თბილისში მიმდინარე ბიზნეს მისიის ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ფრანგული დელეგაციის შემადგენლობაში 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი იმყოფება, რომლებიც საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებს ეცნობიან. წარმოდგენილი კომპანიები საქმიანობენ ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, საინჟინრო და სხვა სტრატეგიულ სფეროებში.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ფრანგ ბიზნესმენებს ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. საუბარი შეეხო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის შუა დერეფნისა და ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებას. მინისტრმა ასევე ისაუბრა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, სპორტული და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბურ გეგმებზე.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველო ტრადიციულად მიმზიდველი საინვესტიციო ბაზარია ფრანგული კომპანიებისთვის და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას უკვე აქვს პრაქტიკული გამოცდილება.

ფრანგმა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა სამინისტროს გუნდს საკუთარი კომპანიების საქმიანობის მიმართულებები და შესაძლებლობები გააცნეს. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ MEDEF International-ის პლატფორმა მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გასაძლიერებლად.

შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ვახუშტი ბაგრატიონი, მზია გიორგობიანი, ილია ბეგიაშვილი, გიორგი კობერიძე და ბათუ გურჯიძე, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია.

MEDEF International არის საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის – MEDEF-ის – საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აწყობს ბიზნეს დელეგაციებსა და ეკონომიკურ ფორუმებს, ამყარებს პარტნიორობებს მთავრობებსა და კერძო სექტორს შორის და მხარს უჭერს მსხვილ საინვესტიციო პროექტებს სხვადასხვა ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები