“სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებზე ვინც საუბარს გაბედავს, ეუბნებიან, რომ რუსია” – თენგიზ შარმანაშვილი
“ვაშინგტონში ჩვენი პოზიცია გახმოვანდება, საქართველოს ხმა ერთ-ერთი ძლიერი იქნება, მიგვიწვიეს და მივდივართ. სხვაგან თუ მიგვიწვევენ, სხვაგანაც მივალთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
ის გამოეხმაურა საკითხს, რომ ქართული დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, რესპუბლიკელ კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიწვევით, აშშ-ში „სუვერენული ერების ალიანსის“ სამიტს დაესწრება.
„გლობალიზაციის რადიკალური ხარისხი იმ დონეზე ავიდა, საქართველოში მათი აგენტები იმაზე საუბრობდნენ, რომ სახელმწიფო მოძველდა და შეიძლება, ეს ყველაფერი სხვა ვითარებაში აღმოჩნდეს. ანუ, ეროვნულობა, სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი მეორეხარისხოვნად ეჩვენებოდათ და ეჩვენებათ კიდეც. დონალდ ტრამპის მთავარი ლოზუნგი იყო, რომ ამერიკა ძლევამოსილი გამხდარიყო. თავისი ძალისხმევა გადაიტანა ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე. თქვა ისიც, რომ არ გაუკვირდება, თუ სხვა სახელმწიფოები საკუთარი ეროვნულობის დაცვით გამოვლენ და ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ დააფინანსებს, რომლებიც სახელმწიფოების სუვერენიტეტს შელახავს. ეს ორგანიზაციები თავად გააუქმა, რადგან ბრალი დასდო, რომ სხვა ქვეყნების საქმეებში უხეშად ერეოდნენ და ამერიკის ინტერესები ზარალდებოდა. ეს ალიანსი ტრამპის ცნობილი პოლიტიკის გაგრძელებაა, რადგან მათთვის ეროვნულობა, სუვერენიტეტი პრიორიტეტულია. ჩვენი პოზიცია გახმოვანდება, მაგრამ ალბათ ვაშინგტონში ბევრი სხვა ქვეყნის წარმომადგენელიც იქნება და საინტერესო იქნება. საქართველოს ხმა კი, ერთ-ერთი ძლიერი იქნება, რადგან ამ ყველაფერზე საუბარი დიდი ხნის წინ დავიწყეთ.
რაც შეეხება მომწვევს, დონალდ ტრამპსაც აკრიტიკებდა. სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებზე ვინც საუბარს გაბედავს, ეუბნებიან, რომ რუსია. ამას ეუბნებიან დონალდ ტრამპსაც. არავინ არავის ეძებდა, მიგვიწვიეს და მივდივართ. სხვაგან თუ მიგვიწვევენ, სხვაგანაც მივალთ. რაც შეეხება ანა პაულინა ლუნას, დონალდ ტრამპი მის ძალისხმევას და საქმიანობას უმაღლეს დონეზე აფასებს. ამერიკა თავის ეროვნულ ინტერესებს როცა იცავს, ჰაერში ფრენას თავი დავანებოთ და ვიცოდეთ, რომ ისინი ყველას დაელაპარაკებიან. არც ის გაგიკვირდათ, საფრანგეთის პრეზიდენტი კისრიტეხით რომ გავარდა სინ ძინ პინთან და შემდეგ ევროკავშირიც მიჰყვა. შენს ეროვნულ ინტერესებს თუ იცავ, ყველასთან დალაპარაკება შესაძლებელია და დიდი ქვეყნები ამას აკეთებენ. ეს მოგვწონს თუ არა, ასეა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.