დიმიტრი ხუნდაძე: პოპულიზმის ნაწილია, როცა მუდმივადაა საუბარი დეპუტატის ხელფასზე – რომ გავანახევროთ კი არა, სულ რომ ჩამოვართვათ ხელფასი დეპუტატებს, პენსიის ოდენობა გაიზრდება 2 ლარით და 20 თეთრით
„თემა წამოსაწევია და ცვლილებები გასატარებელია, მაგრამ ასეთი მიდგომით შესაძლოა კარგის ძიებაში უარესი მივიღოთ,” – განაცხადა „ხალხის ძალის” გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ, როცა დებატებზე თემაზე „სოციალური დახმარების პოლიტიკა და სიღარიბის შემცირება” სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფის შესახებ ოპონენტის კითხვას უპასუხა.
დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ხელფასების მატებაზე და მინიმალური ოდენობის ხელფასის განსაზღვრაზე საჭიროა სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც არა პოპულიზმზე, არამედ შედეგზე იქნება ორიენტურებული.
„მე არ მგონია, რომ დეპუტატების მაღალი შემოსავალი გამოდგებოდეს არგუმენტების საფუძვლად. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ევროპის 2022 წლის დირექტივა-რეკომენდაცია, რომელსაც ევროპის ქვეყნებიც ითვალისწინებენ. მედიანური ხელფასის 60 %-იანი დიაპაზონი (საშუალო ხელფასის განსაზღვრის მაჩვენებელი) არის სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდეს ინფლაციისა და უმუშევრობის გაზრდა. გერმანიის მაგალითს მოვიყვან – 2015 წელს გერმანიამ მინიმალური ხელფასის ოდენობა დააზუსტა. ისინიც კი, 48 %-იან ზღვარზე არიან და 60 %-მდე არ ასულან. თქვენი 1050 ლარიანი მინიმალური ხელფასის ოდენობა [საუბარია გახარიას გუნდის ინიციატივაზე მინიმალური ხელფასის 1050 ლარამდე გაზრდაზე], არის მედიანურის 70 %-იან დიაპაზონში.
ამ საკითხში გეთანხმებით, რომ თემა წამოსაწევია და ცვლილებები გასატარებელია, მაგრამ ასეთი მიდგომით შესაძლოა კარგის ძიებაში უარესი მივიღოთ. ასე რომ, ვფიქრობ, პოპულიზმის ნაწილია, როცა მუდმივადაა საუბარი დეპუტატის ხელფასზე. სამწუხაროა, მაგრამ თქვენი ინიციატივა იყო ხელფასების განახევრება და ამის ხარჯზე პენსიების ზრდა. რომ გავანახევროთ კი არა, სულ რომ ჩამოვართვათ ხელფასი დეპუტატებს, პენსიის ოდენობა თითოეული პენსიონერისათვის, გაიზრდება 2 ლარით და 20 თეთრით.
რა თქმა უნდა, ეს არის პოპულიზმი და სპეკულაცია. ამიტომ, სწორად უნდა დავიგეგმოთ და წარსულიც სწორად უნდა შევაფასოთ. ის, თუ რატომ ვადარებთ ციფრებს 2012 წელს, რომელ წელსაც არ უნდა შევადაროთ, დინამიკა არის კლებადი. 2012 შევადაროთ, 2014, 2016 თუ 2025-ს, დინამიკა არის კლებადი. უმუშევრობა შემცირებულია, ქვეყნის ეკონომიკა გაზრდილია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საუკეთესო მაჩვენებელი, მაგრამ რატომ გვიკვირს, რომ ქვეყანაში სიღარიბე შემცირდა? ეს არაა საუკეთესო მაჩვენებელი და ის კიდევ უფრო უნდა შემცირდეს. მაგრამ განვითარებად ქვეყნებშიც არსებობს, სოციალური პრობლემები და სიღარიბე. უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ სწორად და არა პოპულიზმით და არა ისე, რომ კარგად ისმოდეს, მაგრამ შედეგს არ იძლეოდეს,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძე.