„უშიშროების საბჭო რეგულარულად უნდა მოქმედებდეს“

„უშიშროების საბჭო უნდა მოქმედებდეს რეგულარულად და კარგია, თუ ამ მიმართულებით სისტემატური მუშაობა დაიწყება“, -აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
მაღრაძის განცხადებით, დღეს ძალიან სჭირდება საქართველოს, რომ ხელისუფლების ყველა შტო კოორდინირებულად მუშაობდეს და ყველა რესურსი ქვეყნის სასიკეთოდ იქნეს გამოყენებული. დეპუტატის შეფასებით, პრემიერსა და პრეზიდენტს რიგ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ, მარგველაშვილი თავისი სულისკვეთებით ერთი ჯგუფის წარმომადგენელია, თუმცა ამის გამო არცერთი მათგანი ძირითად პოლიტიკურ საქმეებში არ ჩაჭრილა.
„ მარგველაშვილი თავისი სულისკვეთებით და შეხედულებებით ნამდვილად ერთი ჯგუფის წარმომადგენელია. როდესაც კონსტიტუციური ნორმები არ არის ზუსტად დადგენილი, ყოველთვის შესაძლებელია რაღაც კონფლიქტი იყოს. იყო კოორდინაციის პრობლემაც. ძირითად პოლიტიკურ საქმეებში არ ჩაჭრილა ჩვენი ქვეყანა იმის გამო, რომ გარკვეულ საკითხებში განსხვავებული შეხედულება ჰქონდა პრემიერსა და პრეზიდენტს. ჩვენ დღეს ძალიან გვჭირდება კოორდინირებული მუშაობა, რომ ყველა რესურსი იყოს გამოყენებული. უნდა იქნას გამოყენებული პრეზიდენტ მარგველაშვილის რესურსი, ადამიანის, რომელსაც აქვს მაღალი განათლება და შეუძლია კარგად წარმოაჩინოს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო. უნდა იყოს გამოყენებული პრემიერის რესურსი, რომელიც ძალიან ენერგიული ადამიანია და ბევრ რამეს აკეთებს, რომ ქვეყანაში წინსვლა იყოს“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები