პრეზიდენტ-პრემიერი რატომ ისხდნენ მრგვალ მაგიდასთან – ნათელაშვილის სარკასტული ვერსია
“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთი პირობით მივიდა. როგორც ნათელაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ტოკშოუ “არჩევანში“ ჩართვისას განმარტა, პრემიერის მოთხოვნა იყო , რომ მაგიდა, რომელთანაც ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ემსჯელათ მრგვალი ფორმის ყოფილიყო. “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ფიქრობს, რომ პრემიერს გიორგი მარგველაშვილის ქვეყნის მეთაურად წარმოჩინება არ სურს. “დააკვირდით , როგორ ისხდნენ?! პრემიერ-მინისტრმა მრგვალი მაგიდა გააკეთებინა და ამ პირობით მივიდა სხდომაზე დასასწრებად. ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი მჯდარიყო სათავეში, როგორც საბჭოს თავმჯდომარე და უმაღლესი მთავარსარდალი. ალბათ ამინდზე, საზღვარგარეთ მიღებულ შთაბეჭდილებეზე ისაუბრეს და დაიშალნენ. კრება დარჩა კმაყოფილი და ამ კმაყოფილი კრების მიღმა დგას გაუბედურებული ქვეყანა, რომელიც შედის ძალიან ცივი ზამთრი პერიოდში არამარტო კლიმატურად, არამედ პოლიტიკურადაც“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ცნობისთვის, უშიშროების საბჭოს სხდომა ავლაბრის რეზიდენციაში გუშინ გაიმართა და მას პრემიერ-მინისტრიც დაესწრო.