ლევან მახაშვილი „ნამახვანჰესის“ საქმეზე: დღევანდელი გამოსახედიდან ცალსახაა, რომ ეს იყო ეკონომიკური დივერსია, იერიში სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოებაზე – მისასალმებელია ის, რომ დროებით შეჩერდა ამხელა თანხის გადახდის ვალდებულება

“მისასალმებელია ის, რომ დროებით შეჩერდა ამხელა თანხის გადახდის ვალდებულება”,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ „ნამახვანჰესის“ საქმეზე ოთხასი მილიონი დოლარის გადახდის აღსრულების შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა.

მახაშვილის შეფასებით, რამდენიმე წლის წინ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციები ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე მიტანილი იერიში იყო.

„დღევანდელი გამოსახედიდან უკვე ცალსახაა, რომ რა თქმა უნდა, ეს იყო ეკონომიკური დივერსია, პირდაპირი იერიში სახელმწიფოზე, სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოებაზე იმისთვის, რომ ქვეყანა ყოფილიყო მაქსიმალურად მოწყვლადი მათ შორის, ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ეს იყო შეგნებულად, ხელოვნურად მართული პროცესი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს ამ გამოსვლებით არ დასრულებულა, დღემდე საქართველო იმკის ამ დამზიანებელ ეფექტს. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და დღემდე აკეთებს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულმა ამ ეკონომიკურმა დივერსიამ საქართველოს მაქსიმალურად ნაკლები ზიანი მიაყენოს. მისასალმებელია ის, რომ დროებით შეჩერდა ამხელა თანხის გადახდის ვალდებულება. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოუსწორებელი ზიანი არ დადგეს ქვეყნისთვის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები