ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს
დიდ ბრიტანეთში მეფე ჩარლზ III-ის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავეს, რომელსაც ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო, ყველა ტიტული ჩამოერთვა,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მედია აღნიშნავს, პოლიციამ ის სამსახურებრივი თანამდებობის დაკავების დროს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავა.
ამ კვირაში ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი იძიებდნენ საჩივარს, რომელშიც ნათქვამია, რომ ყოფილმა პრინცმა ეპშტეინს კონფიდენციალური მასალა მიაწოდა. აშშ-ში ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დოკუმენტების დიდი რაოდენობა ავლენს, რომ ენდრიუ ეპშტეინს აწვდიდა ანგარიშებს მისი სინგაპურში, ჰონგ-კონგსა და ვიეტნამში ვიზიტების შესახებ, ასევე კონფიდენციალურ დეტალებს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.
ამის შემდეგ, მონარქიის საწინააღმდეგო ორგანიზაცია “რესპუბლიკამ” ტემზის ველის პოლიციას თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო საიდუმლოებების გაჟონვის ეჭვების გამოძიების მოთხოვნით მიმართა.
ენდრიუ უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას და ამტკიცებს, რომ არაფერი ცუდი არ ჩაუდენია.
შეგახსენებთ, ოქტომბერში დიდი ბრიტანეთის მეფემ თავის ძმას პრინცის ტიტული და ყველა სხვა ტიტული ჩამოართვა, ხოლო მანამდე, ენდრიუმ იორკის ჰერცოგის ტიტულზე ნებაყოფლობით თქვა უარი.