ამერიკის ანტინარკოტიკული ოპერაცია ოკეანეში: სამ იერიშს 11 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ის სამხრეთ სარდლობამ (SOUTHCOM) განაცხადა, რომ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანესა და კარიბის ზღვის აუზში, გემებზე სამი დარტყმის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა.
„ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა „სამხრეთის შუბმა“ სამი სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა განახორციელა სამ გემზე, რომლებსაც ტერორისტული ორგანიზაციები მართავდნენ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ოპერაციებს სამხრეთის სარდლობის მეთაური, გენერალი ფრენსის დონოვანი ხელმძღვანელობდა.
დაზვერვის ცნობით, გემები „ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტებით მოძრაობდნენ და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყვნენ ჩართულნი“.
განცხადების თანახმად, ოპერაციების დროს აშშ-ის არცერთი პერსონალი არ დაშავებულა.
როგორც ცნობილია, ტრამპის ადმინისტრაციამ სექტემბრიდან გააძლიერა სამხედრო ოპერაციები კარიბის ზღვასა და აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში, ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობების მოტივით. ოპერაციების დაწყებიდან, 40 თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 144 ადამიანი დაიღუპა.