მიხეილ ყაველაშვილი: ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკურ განვითარებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობის ზრდას გულისხმობს

საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების განეიტრალება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ამასთან ერთად ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკურ განვითარებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობის ზრდას გულისხმობს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისათვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღწეული შედეგები თანაბრად აისახოს მოსახლეობის თითოეული სოციალური ფენის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

„გლობალურ დონეზე არსებული კრიზისული ვითარების ფონზე, სახელმწიფომ შეძლო ბიუჯეტის, ხელფასებისა და პენსიების ზრდის უზრუნველყოფა. არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით დასტურდება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპით, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია.

არსებული მიღწევებისა და იმ პოზიტიური მოლოდინის პირობებში, რომელსაც, მათ შორის, საერთაშორისო ინსტიტუტები ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით პროგნოზირებენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული შედეგები თანაბრად აისახოს ჩვენი მოსახლეობის თითოეული სოციალური ფენის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა, იმისთვის, რომ კეთილდღეობის ზრდა ყველა ოჯახმა, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვმართებს.

ამ გზაზე, საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისკენ, ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისკენ და ეკონომიკური დივერსიფიკაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ცალსახად პოზიტიური მოვლენაა. თანამედროვე არასტაბილურ გლობალურ გარემოში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკურ თვითკმარობასა და სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაციასთან“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები