მარიამ ქვრივიშვილი: მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება ენერგეტიკული სექტორისთვის იყო საკმაოდ ოპტიმალური და სამართლიანი მიდგომა, პროცესი უკვე ძალიან აქტიურ ფაზაშია და დარწმუნებულები ვართ, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ბიძგი ენერგეტიკის სექტორში დადგმული სიმძლავრეების ზრდის კუთხით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, იმისთვის, რომ სახელმწიფომ სწორი ინსტრუმენტები უზრუნველყოს კერძო სექტორისთვის, მათთან მუდმივი დიალოგი მიმდინარეობს, მათ შორის, ენერგეტიკის დარგთან. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ამ დიალოგის ფარგლებში მოხდა სწორედ სახელმწიფოს მხრიდან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება – მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება ენერგეტიკული სექტორისთვის. მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის პირობიანი პატიება, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ ვერ მოხდება დათქმულ, ახალ ვადაში პროექტის განხორციელება, ინვესტორს აღუდგება ნაპატიები ჯარიმა და დაეკისრება ახალი ჯარიმაც.
„ვფიქრობთ, ეს იყო საკმაოდ ოპტიმალური და სამართლიანი მიდგომა. პროცესი დღეს უკვე ძალიან აქტიურ ფაზაშია და სასიხარულოა, რომ კერძო სექტორმა ძალიან დადებითად შეაფასა მთავრობის გადაწყვეტილება. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ბიძგი ენერგეტიკის სექტორში დადგმული სიმძლავრეების ზრდის კუთხით” – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ოპტიმიზაციის პროცესის მნიშვნელობას, რომელიც სამინისტროს სისტემაში შემავალ ენერგეტიკულ საწარმოებში განხორციელდა. მინისტრის განცხადებით, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში, საკმაოდ გამჭვირვალედ ხორციელდება მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორთან.
„ჩვენ ღიად ვსაუბრობთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ენერგეტიკის სექტორში არსებობს, მაგრამ, მეორე მხრივ, მათთან ერთად ვმსჯელობთ სწორი გადაჭრის გზებზე, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს, დააჩქაროს პროექტების განხორციელება და ექსპლუატაციაში შესვლა” განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.