სატყეო სექტორის რეფორმის ფარგლებში მომზადებულ ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებზე საჯარო განხილვა გაიმართა
ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმთავრესი პრიორიტეტია დეგრადირებული ტყეების აღდგენა და ტყის ფიზიკური დაცვაა. შესაბამისად, კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს მონიტორინგისა და კონტროლის გაუმჯობესებას და ტყის დაცვისა გაძლიერების მექანიზმებს; ასევე იგეგმება ბიზნესპროცესების გამარტივება და ხარჯების ოპტიმიზაცია.
„ტყის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს ტყის რესურსისა და მასივების დაცულობის გაძლიერებას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ტექნიკური აღჭურვილობით; ასევე, მეტყევეებისა და ტყის მცველების რაოდენობისა და კვალიფიკაციის ზრდას. აღსანიშნავია, რომ, რეფორმის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ სფეროში დასაქმებულთა ხელფასები. პარალელურად, იგეგმება კომერციული სექტორის უფრო აქტიური ჩართულობა, საქმიანობის გამჭვირვალობის გაძლიერება და ხარჯების ოპტიმიზაცია, რათა ჩამოყალიბდეს კონკურენტული ბაზარი და ტყის რესურსი ხელმისაწვდომი გახდეს მეწარმეებისთვის”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ.
კანონპროექტით ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება ეროვნულ სატყეო სააგენტოს. გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც თითო მცველზე დასაცავი ტერიტორია 10 – 15 ათასი ჰექტრიდან, საშუალოდ, 2 000 ჰექტრამდე შემცირდება. ასევე, ტყის დაცვისა და მონიტორინგის ეფექტიანობის გასაზრდელად, გათვალისწინებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ტექნიკური გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის არსებულ მოდელის შეცვლა. სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის დამზადებას აუქციონის გზით გამარჯვებული განახორციელებს სააგენტოს ზედამხედველობით.
გარდა ამისა, იქმნება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხე-ტყის სარგებლობის, გადაადგილებისა და პირველადი გადამუშავების სრულ აღრიცხვას. ფართოვდება ტყით სპეციალური სარგებლობის სუბიექტთა წრე და არამერქნული რესურსებით სარგებლობის უფლება ენიჭება არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ მეწარმე ფიზიკურ პირებსაც.
ამასთან, კერძო საკუთრებაში არსებული ბუნებრივად გატყევებული ტერიტორიების ტყის სტატუსთან დაკავშირებული რეგულირება გადადის მოქნილ სამართლებრივ ჩარჩოში, რაც, მიწის სისტემური რეგისტრაციისა და ტყეთმოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ, საკითხს ეტაპობრივად მოაგვარებს.
საჯარო განხილვის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ტყის დაცვის მიმართულებით ადამიანური და ტექნიკური რესურსების გაძლიერება და აღნიშნეს, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ტყის მდგრადი მართვისკენ. ამასთან, გამოითქვა მოსაზრებები, მათ შორის, ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის ახალ მოდელთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დისკუსია მომავალშიც გაგრძელდება, რათა ყველა დაინტერესებული მხარის პოზიცია და ინტერესი იყოს გათვალისწინებული.