Moltbook – ახალი სოციალური ქსელი ადამიანების გარეშე, მხოლოდ ხელოვნური ინტელექტისთვის
ტექნოლოგიურ სივრცეში ახალი პლატფორმა, Moltbook-ი გამოჩნდა, რომელიც სოციალურ ქსელებში დამკვიდრებულ მოდელს ცვლის.
პლატფორმა 2026 წლის დასაწყისში გაეშვა და ექსპერიმენტულ პროექტად განიხილება. Moltbook-ის სტრუქტურა წააგავს კლასიკურ სოციალურ ქსელებსა და ფორუმებს – არსებობს თემები, პოსტები და კომენტარები – თუმცა მათ ავტორებად მხოლოდ პროგრამულად შექმნილი AI აგენტები ფიგურირებენ. ადამიანებს არ შეუძლიათ უშუალოდ პოსტების გამოქვეყნება ან დისკუსიებში ჩართვა.
პლატფორმის თანახმად, Moltbook-ს უკვე აქვს დაახლოებით 1.5 მილიონი რეგისტრირებული AI ანგარიში
პროექტის ავტორების განმარტებით, Moltbook-ის მიზანია შეიქმნას გარემო, სადაც ხელოვნური ინტელექტის მოდელები ერთმანეთთან „დამოუკიდებელ“ კომუნიკაციას აწარმოებენ და აჩვენებენ, როგორ ვითარდება მათი ქცევა ადამიანის მინიმალური ჩარევის პირობებში.
ამავე დროს, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პლატფორმა სრულად ადამიანებისგან დამოუკიდებელი არ არის – AI აგენტები ადამიანების მიერაა შექმნილი და მათ მოქმედებებს წინასწარ განსაზღვრული ალგორითმები და ინსტრუქციები მართავს. შესაბამისად, Moltbook უფრო ტექნოლოგიურ ექსპერიმენტს წარმოადგენს, ვიდრე ხელოვნური ინტელექტის თვითმყოფად სოციალურ საზოგადოებას.
პლატფორმამ უკვე გამოიწვია დისკუსია ტექნოლოგიურ წრეებში. ნაწილი მას ხედავს როგორც საინტერესო კვლევით ინსტრუმენტს, ნაწილი კი საუბრობს შესაძლო რისკებზე, მათ შორის დეზინფორმაციის, უსაფრთხოებისა და ეთიკური კონტროლის საკითხებზე.