ფსიქოლოგი: მწერალმა ავტობუსიდან შავკანიანის “ჩამოგდების“ თაობაზე გაჩენილი ფანტაზიით შესაძლოა, რასიზმი წაახალისა

მწერალ ლელა კოდალაშვილის განმარტებას, რომ თბილისში ე.წ. ყვითელი ავტობუსიდან შავკანიანი მამაკაცის ჩამოგდების ფაქტს თავად არ შესწრებია და დასკვნა საკუთარი ვარაუდების საფუძველზე გამოიტანა, “კვირასთან“ ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის “სტიმულის“ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი დიანა ნიკოლაიშვილი აფასებს და იმ შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე საუბრობს, რაც ზოგადად მსგავსი სახის ფანტაზიების გასაჯაროებას მოჰყვება ხოლმე. ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაშ თუ მწერალი მსგავსი სახის ინფორმციას არა მტკიცებით ფორმაში, არამედ მოთხრობის ან ნოველის სახით შესთავაზებდა მკითხველს, გაცილებით ლოგიკური და გამართლებული იქნებოდა. ნიკოლაიშვილის თქმით, ქართულ საზოგადოებაში სამწუხაროდ არსებობენ მოქალაქეები, რომლეთაც რასიზმისკენ აქვთ მიდრეკილება. მისი აზრით, ამ ფონზე კოდალაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ შავკანიან მამაკაცს მგზავრები ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათთვის შესაძლოა წამახალისებელი ფაქტორი გახდეს. “ჩვენი საზოგადოება საკმაოდ ფიცხია, ამიტომ მსგავსი სახის ინფორმაციების გავრცელებისას ძალინ დიდი სიფრთხილე და წინდახედულობაა საჭირო. კარგი იქნებოდა ქალბატონი ლელა თავის ფანტაზიას ნაწარმოებში თუ ასახავდა და მტკიცებით ფორმაში არ დაწერდა. ისეთი სტიგმატიზირებული თემები როგორიცაა რასიზმი, სექსუალური ორიენტაცია და სხვა, შეიძლება ადამიანთა დაპირისპირების მიზეზი გახდეს და სერიოზული კონფლიქტი მივიღოთ. ჩვენს საზოგადოებაში სამწუხაროდ, ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც რასიზმისკენ აქვთ მიდრეკილება. რადიკალურად განწყობილი ადამიანებისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომ ავტობუსიდან შავკანიანი მამაკაცი ჩააგდეს, შესაძლოა შემდგომში ანალოგიური ქმედების მაპროვოცირებელი გახდეს“-განუცხადა “კვირას“ ფსიქოლოგმა. შეგახსენებთ, რომ მწერალი ლელა კოდალაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში ე.წ. ყვითელი ავტობუსიდან შავკანიანი მამაკაცი ებოლას საშიშროების გამო „ჩააგდეს“, დღეს აცხადებს, რომ ფაქტს თავად არ შესწრებია, ინფორმაცია კი საკუთარი ფანტაზიის მიხედვით განავრცო.
როგორც კოდალაშვილი “კვირასთან“ საუბრისას ჰყვება, მან ყაზბეგის გამზირზე ავტობუსის ერთ-ერთი გაჩერებიდან დაახლოებით 20 მეტრში ძირს დავარდნილი შავკანიანი მამაკაცი, მართლაც, დაინახა, მას გამოელაპარაკა და დახმარება შესთავაზა, თუმცა არ დაინტერესებულა, როგორ აღმოჩნდა ის ამ მდგომარეობაში. მწერლის განმარტებით, მას მამაკაცმა უთხრა, რომ ფრანგი იყო. ლელა კოდალაშვილი ფიქრობს, რომ საკუთარი წარმომავლობის დასახელებით მამაკაცი ცდილობდა დამტკიცებას, რომ არა აფრიკიდან, არამედ საფრანგეთიდან იყო და ებოლას ვირუსი არ ექნებოდა. თვითმხილველი დღეს უკვე აღიარებს, რომ მას შავკანიანი მამაკაცის ავტობუსიდან გადმოგდების ფაქტი არ დაუნახავს, მისთვის ეს არც დაზარალებულს და არც მგზავრებს დაუდასტურებიათ და, როგორც მწერალმა, მან მხოლოდ საკუთარი ფანტაზია განავითარა. მოგვიანებით კი ვარაუდი მტკიცებით ფორმაში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები