გიორგი მარგველაშვილს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის უფლება მხოლოდ სამხედრო საკითხებზე ექნება
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მომავალში უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის უფლება მხოლოდ თავდაცვის ორგანიზაციისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხებზე ექნება. ამის თაობაზე კანონში ცვლილება უახლოეს დღეებში შევა. ორგანულ კანონში შესატან ცვლილებას პარლამენტში ხვალ განიხილავენ.
ცვლილების შეტანის საკითხი დღის წერიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გასაფორმებელ დოკუმენტთან დაკავშირებით მოიწვია.
როგორც „კვირას“ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, საქართველოს დღევანდელი კონსტიტუცია მოქმედ ორგანულ კანონთან არათავსებადია, რაც იმას გულისხმობს, რომ ორგანული კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აღნიშნულ საკითხზე სხდომის მოწვევის უფლება ჰქონდა, ხოლო კონსტიტუციის თანახმად, არ ჰქონდა.
„მოქმედი ორგანული კანონი დღევანდელ კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის. მოქმედი კანონით, რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გასაფორმებელ დოკუმენტთან დაკავშირებით პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, აქვს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის უფლება. ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციები და ძირითადი პრინციპები განსაზღვრულია კონსტიტუციაში, სადაც წერია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილება ვრცელდება თავდაცვის ორგანიზაციისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხებზე. შესაბამისად, მომავალში მისი უფლებამოსილებებიც კანონში ამ ორი მიმართულებით გაიწერება. ცვლილება, სავარაუდოდ, ხვალ მესამე მოსმენით უნდა დამტკიცდეს“, – განაცხადა სესიაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართება. სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის გადადება წინა კვირას თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სთხოვა, რადგან სწორედ ამ დღეს მას ვიზიტი საფრანგეთსა და გერმანიაში ჰქონდა დაგეგმილი.