ფარული მოსმენების გასაღებთან დაკავშირებული პროექტის მომზადება გადაიდო

ფარული მოსმენებისას პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის მომზადების ვადა 6 თვით – 2015 წლის 1 აპრილამდე გადადის.
როგორც “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში ინიცირებული ცვლილებების განმარტებაშია აღნიშნული, ე.წ. გასაღების თემაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული საქმიანობა აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივის ჩამოყალიბებისთვის საკმარისი ვერ გახდა.
განმარტებითი ბარათის თანახმად, სამუშაო ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციები დამატებით დამუშავებას და ანალიზს საჭიროებს. საგაზაფხულო სესიაზე მიღებული საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით პარლამენტს სწორედ 2014 წლის 1 ნოემბრამდე ჰქონდა ვადა, რომ ფარული მოსმენებისას პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმა პარლამენტში წარედგინა, თუმცა ინიცირებული პროექტით ახლა ეს ვადა 6 თვით იწევს. შესაბამისად, შს სამინისტროს ოპერატიულ ტექნიკურ დეპარტამენტს უფლება რჩება, 2015 წლის 1 აპრილამდე ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, სერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებიდან ინფორმაციის მოპოვების, ტექნიკური შესაძლებობების გამოყენება, სათანადო აპარატურის დამონტაჟება და პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობის განთავსების შესაძლებლობა.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განხილვა ცოტა ხანში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები