გურამ მაჭარაშვილი: ორმაგი სტანდარტები რაც იყო ევრობიუროკრატიის დღის წესრიგში, ის დარჩა – ჩვენ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთთან, ამ დროს თავად რუსეთთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ
ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით არსებულ ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ორმაგი სტანდარტია, როცა საქართველოს სთხოვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხორციელებას, თავად ევროპის ქვეყნები კი აქტიურად ვაჭრობენ რუსეთთან.
გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ევროპული კომპანიები, რომლებმაც ფორმალურად დატოვეს რუსეთი, დღეს ღიად ბრუნდებიან ქვეყანაში და აგრძელებენ ეკონომიკურ საქმიანობას.
„ორმაგი სტანდარტები რაც იყო ევრობიუროკრატიის დღის წესრიგში, ის დარჩა. როცა ჩვენ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთთან, ამ დროს ბალტიისპირა ქვეყნებს მასთან გაგანია სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ. ჩინეთთან დაკავშირებითაც იყო პრობლემა. ისინი გვაკრიტიკებდნენ – საქართველო როგორ ბედავს და ჩინეთთან როგორ ამყარებს კავშირებს მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირი და ამერიკაც თავად არიან ურთიერთობაში ჩინეთთან.
ახლა დაიწყეს საუბარი დიალოგზე. კომპანიები, რომლებიც გავიდნენ რუსეთიდან, ეს ფორმალურად გააკეთეს. ახლა ისინიც კი ბრუნდებიან რუსეთის ფედერაციაში საქმიანობის გასაგრძელებლად. ეს ხდებოდა 2-3 წლის წინ. ისინი ვითომ გავიდნენ ქვეყნიდან, რეალურად კი, შუამავალი ფირმებით მაინც ვაჭრობდნენ რუსეთის ფედერაციასთან. ესეც ხომ უკვე რამდენიმე თვეში გაცხადდა. მაგრამ უკვე ამასაც აღარ მალავენ და ევროპული ბრენდები, კომპანიები, რომლებმაც თუნდაც ფორმალურად დატოვეს რუსეთის ბაზარი, დღეს პირდაპირ ბრუნდებიან და ურთიერთობების აღდგენის პროცესში არიან. ეს გასაგებიც არის, იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური ხელმძღვანელობა საუბრობს რუსეთთან დიალოგის განახლებაზე. ამ დროს სავაჭრო ურთიერთობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.