„პრემიერის შეთავაზებას აფხაზების მიმართ ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება“
საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი ირაკლი ბათიაშვილი, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, პრემიერ – მინისტრის მიერ აფხაზი მოსახლეობის მიმართ გაკეთებულ შეთავაზებას გამოეხმაურა. ბათიაშვილის შეფასებით, შეთავაზება კარგია, ის ნაკარნახევია პატრიოტული გრძნობებით, თუმცა ის ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს.
უშიშროების ყოფილი მინისტრის განცხადებით, თუ საქართველოს მთავრი მიზანი აფხაზების და ოსების შემორიგება და მათი ქვეყნის ერთიან შემადგენლობაში დაბრუნებაა, მაშინ აუცილებელია, ხელისუფლებამ ერთიანი ფედერალური სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, როგორც სუბიექტების სტატუსზე, ისე ისაუბროს.
„პრემიერ – მინისტრის შეთავაზება ნაკარნახევია პატრიოტიზმით, მაგრამ ამ ფონზე გაკეთებული თუნდაც კარგი განცხადება ავტონომიის შესახებ შედეგიანი ვერ იქნება. ყველა ვხვდებით და ილუზია არავის არ გვაქვს, რომ ამას არავითარი ეფექტი არ შეიძლება ჰქონდეს. ეს რჩება მხოლოდ და მხოლოდ ფრაზებად. თუ ჩვენი მთავარი მიზანია აფხაზების და ოსების შემორიგება და მათი დაბრუნება ერთიან შემადგენლობაში, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. სტატუსზე, როგორც სუბიექტზე ერთიანი ფედერალური სახელმწიფოს შემადგენლობაში. სხვა შემთხვევაში განცხადებას ვერაvითარი ეფექტი ვერ ექნება“, -აღნიშნა ბათიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გუშინ ახალი ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შედეგები შეაჯამა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აფხაზ მოსახლეობას მიმართა და მათ საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის სახით დაბრუნებისკენ მოუწოდა.