გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს შესახებ გაფრთხილებაში შესწორება შეიტანა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ გაფრთხილებაში შესწორება შეიტანა და დააზუსტა, რომ განცხადებაში მოგზაურობის შეზღუდვა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს ეხება. ამის შესახებ “კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
განცხადებაში სახელწოდებით “საქართველო: მოგზაურობა და უსაფრთხოება. გაფრთხილება საქართველოს რეგიონებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე” აღნიშნულია, რომ ტექსტში გათვალისწინებული შეზღუდვები ეყრდნობოდა საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოგზაურობისგან.
“საქართველოში ვითარება მშვიდია, თუ არ ჩავთვლით კონფლიქტურ რეგიონებს, (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს). აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არის ოფიციალური თბილისის კონტროლის ქვეშ, იქ რუსი ჯარისკაცები არიან განლაგებულნი. კონფლიქტურ რეგიონებში არსებული სიტუაცია, ადგილობრივი მედიის ინფორმაციის ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. მოგზაურობის შეზღუდვა ეხება მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს. ტექსტში გათვალისწინებული შეზღუდვები ეყრდნობა საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოგზაურობისაგან”, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ სიაში, რომელიც მოგზაურთა საგანგებოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს 2008 წლიდან შეიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები