“დღის მეორე ნახევარში გათვალისწინებულია გამოდარება, შესაბამისად, სრული დატვირთვით, მთელი თბილისის მასშტაბით ვიმუშავებთ, რომ გადაადგილება იყოს უსაფრთხო” – გიორგი პაპავა
“დღის მეორე ნახევარში გათვალისწინებულია გამოდარება, შესაბამისად, სრული დატვირთვით, შესვენებების გარეშე, მთელი თბილისის მასშტაბით ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გადაადგილება იყოს უსაფრთხო”, – ამის შესახებ “თბილსერვის ჯგუფის” გენერალური დირექტორი, გიორგი პაპავა აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, უხვი ნალექის მოსვლისთანავე, “თბილსერვის ჯგუფის” ყველა თანამშრომელი მაშინვე გადავიდა 24-საათიანი მუშაობის რეჟიმზე.
“ასზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკა და 230-მდე ცოცხალი ძალა გამოსულია ყოველდღიურად, როგორც ცენტრალურ გამზირებზე, ისე შემოერთებულ ტერიტორიებზე მარილის დასაყრელად და თოვლისა და ყინულის ზედაპირის დასამუშავებლად.
ყველა წერტილზე გვაქვს ინფორმაცია, როგორც საპატრულო პოლიციისგან, ასევე სამარშრუტო ტაქსებისა და დისპეტჩერებისგან, თუ სად არის საშიში სიტუაცია, სად არის მოყინული, ან უხვი ნალექი, რომელ აღმართზე უჭირთ მანქანებს გადაადგილება – გადავაწყობთ ტექნიკას ამ მიმართულებით და ვიწყებთ დამუშავებას”, – განაცხადა გიორგი პაპავამ.
სამუშაო პროცესში ჩართულია 100 ერთეულზე მეტი სპეცმანქანა და რამდენიმე ასეული თანამშრომელი.