NASA-ს ისტორიაში პირველად – საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი დედამიწაზე ნაადრევად დაბრუნდა

NASA-ს ცნობით, კოსმოსური ხომალდი Crew Dragon, რომელზეც Crew-11 მისიის წევრები იმყოფებოდნენ, 15 იანვრის ღამეს წარმატებით დაეშვა წყნარ ოკეანეში, სან დიეგოს სანაპიროსთან.

ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ NASA-ს ასტრონავტები ზენა კარდმანი და მაიკ ფინკე, Roscosmos-ის კოსმონავტი ოლეგ პლატონოვი და იაპონიის აერონავტიკური კვლევების სააგენტოს (JAXA) ასტრონავტი კიმია იუი. მათ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 165 დღე გაატარეს.

NASA-ს ისტორიაში პირველად, Crew-11-ის მისია ნაადრევად შეწყდა, ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ეკიპაჟის წევრის ვინაობა არ გახმაურებულა.

მისიის ერთ-ერთი წევრის ავადმყოფობის შესახებ 8 იანვარს გახდა ცნობილი, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაგეგმილი კოსმოსური გასვლა გაუქმდა.

ამჟამად, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რჩებიან რუსი კოსმონავტები სერგეი კუდ-სვერჩკოვი (რომელიც სადგურის მეთაური გახდა) და სერგეი მიკაევი, ასევე NASA-ს ასტრონავტი კრისტოფერ უილიამსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები