„ტრამპის მარშრუტის“ დეტალების თანახმად, სომხეთი აშშ-ს მოგების 74%-ს გადასცემს, ხოლო 26%-ს თავისთვის დაიტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შორის 13 იანვარს შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, რის შემდეგაც საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო-შეთანხმება“ გამოქვეყნდა.

6-გვერდიანი დოკუმენტი გაგრძელებაა 2025 წლის 8 აგვისტოს დონალდ ტრამპს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის დადებული ხელშეკრულებისა, – რომლის თანახმადაც სომხეთი და აზერბაიჯანი საბოლოო ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიიწევენ.

დოკუმენტის შესავალში წერია, რომ პროექტი „დააკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ერთმანეთთან და შექმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კავშირს „ტრანსკასპიურ სავაჭრო გზაზე“ – გზაზე, რასაც სხვაგვარად „შუა დერეფანს“ უწოდებენ.

დოკუმენტით ირკვევა ახალი დეტალები, თუ რა ვალდებულებებს (თუმცა არა სამართლებრივს) იღებს ერევანი, რათა პროექტი, „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), განხორციელდეს.

შეიქმნება „TRIPP-ის განვითარების კომპანია“ – მოკლედ TDC, – რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს, ხოლო 26%-ს თავისთვის დაიტოვებს.

სწორედ ეს კომპანია იქნება პასუხისმგებელი TRIPP-ის განვითარებაზე; როგორც დოკუმენტში წერია, „არსებობს მოლოდინი“, რომ პროექტის ადმინისტრირების უფლება, „საწყის ეტაპზე“, 49 წლით ექნება.

„არსებობს მოლოდინი, რომ შეთანხმება გახანგრძლივდება დამატებით 50 წლით, სომხეთის მთავრობის მიერ დამატებითი კაპიტალის შეტანით, რის შედეგადაც მისი წილი 49%-მდე გაიზრდება“, – წერია დოკუმენტში.

ამასთან, აშშ იტოვებს უფლებას, თქვას საბოლოო სიტყვა კომპანიის მეწილეებისა და საბოლოო ბენეფიციარების რაიმე ფორმით ცვლილების შესახებ – მათ შორის წილის გაყიდვაზე, დონაციაზე, რეორგანიზაციასა თუ სხვა სამართლებრივ პროცესზე.

ერევანი და ვაშინგტონი ასევე თანხმდებიან, რომ ერთად იმუშავებენ TDC-ის კორპორაციულ სტრუქტურაზე:

აშშ-ისა და სომხეთის მთავრობები მონაწილეობას მიიღებენ საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაში მულტიმოდალური სატრანზიტო გზის ოპერირების შესახებ;

აშშ იღებს ფინანსურ სარგებელს თავისი საწყისი წვლილის გათვალისწინებით, ასევე სხვა ეკონომიკურ სარგებელს, მათ შორის შესაძლებლობებს ამერიკული კომპანიებისთვის.
სწორედ ეს კომპანია განავითარებს TRIPP-ის შემადგენელ სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურას; ეყოლება შვილობილი კომპანიები TRIPP-ის სხვა კომპონენტებისთვის.

სომხეთი იღებს ვალდებულებას: სრული მხარდაჭერა გაუწიოს „TRIPP-ის განვითარების კომპანიას“; უზრუნველყოს სომხეთის სამთავრობო უწყებებს შორის ეფექტური კოორდინაცია; ხელი შეუწყოს ნებართვების დროულად გაცემას; შეინარჩუნოს ღია კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან; სომხეთის კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, შექმნას ცალკე პროცედურები ადამიანების, სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის გადაადგილებისათვის, მათ შორის აზერბაიჯანსა და ნახიჭევანს შორის“.
ხაზგასმულია, რომ პროექტის წარმატება დამოკიდებულია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის „მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციაზე“, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების „სრულ ნორმალიზაციაზე“, აშშ-ის ჩართულობაზე, რეგიონული თანამშრომლობასა და სტაბილურობაზე და სომხეთის ინსტიტუტების ეფექტურობაზე.

„TRIPP-ი წარმოადგენს სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. სომხეთი ამ პროექტს მიიჩნევს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული ინტეგრაციის სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძვლად“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

„TRIPP-ის შემუშავება იგეგმება სომხეთის ტერიტორიაზე განსაზღვრული სატრანზიტო მარშრუტების ფარგლებში, – რომლის კონკრეტული ადგილებიც მომავალში დაზუსტდება“; ხაზგასმულია, რომ ეს მოხდება „სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ფარგლებში პროექტის ყველა არეალზე სომხეთის სრული სუვერენიტეტის შენარჩუნებით“.

მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა: „ვფიქრობთ, TRIPP-ის შეთანხმება ნამდვილად გახდება მსოფლიოსთვის მოდელი იმისა, თუ როგორ შეგიძლიათ გახსნათ საკუთარი თავი ეკონომიკური აქტივობისა და კეთილდღეობისთვის“.

მანაც გაუსვა ხაზი, რომ ეს ხდება „სუვერენიტეტის ყოველგვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის გარეშე“. მანვე დასძინა, რომ „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შესანიშნავი იქნება სომხეთისთვის, შესანიშნავია შეერთებული შტატებისთვის, შესანიშნავია ყველა ჩართული მხარისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოდელი იქნება მსოფლიოსთვის“.

ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები