მეუფე შიო – პატრიარქზე: ღმერთმა ინებოს მისი ჯანმრთელობა, დღეგრძელობა ღვთის სადიდებლად და ჩვენი ერის გასაძლიერებლად
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ იქადაგა და უწმინდესს 93 წლის შესრულება მიულოცა.
როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, პატრიარქის მამათმთავრული მსახურება ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს.
„მინდა, თქვენთან ერთად შვილობრივი სიყვარულით გულითადად მივულოცო მას დაბადების დღე. სულ ცოტა ხნის წინ ვიზეიმეთ ასევე მისი აღსაყდრებიდან 48 წლისთავი. შობის წინა დღეებში ამ ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა ჩვენ განსაკუთრებული სიხარულითა და მადლიერებით გვავსებს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობისადმი.
მისი მამათმთავრული მსახურება, შეიძლება ითქვას, ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს და გვინათებს ჩვენ, ძვირფასო მეუფეო, მამებო, ძმებო და დებო, მთელი ამ წლების განმავლობაში იმ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას, მიმყვანებელს წმინდა ბაგასთან, სადაც იშვა ჩვილი იესო, სოფლის შემოქმედი და მაცხოვარი. ღმერთმა ინებოს მისი ჯანმრთელობა, დღეგრძელობა ღვთის სადიდებლად და ჩვენი ერის გასაძლიერებლად“, – განაცხადა მეუფე შიომ.