შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა, როგორც მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა, რატომღაც ჩათვალა, რომ ახლა უნდა იკაცოს და თავად გახდეს მსოფლიო პოლიციელი
,,საბედნიეროდ, პოლიტიკური სიმწიფე არ ჰყოფნით იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილებებით დიდი ზიანი მიაყენონ თუნდაც საქართველოს”,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომელიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას ეხებოდა.
მისივე თქმით, “ევროკავშირმა, როგორც მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა, რატომღაც ჩათვალა, რომ ახლა უნდა იკაცოს და თავად გახდეს მსოფლიო პოლიციელი.
„ნუ ვეძებთ ლოგიკას და სამართლიანობას ბრიუსელის გადაწყვეტილებაში, რადგან რაღაც პერიოდია, მოქმედებს არა გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგით, რომ იარაღად გამოიყენოს სხვადასხვა საკითხი. უბრალოდ საბედნიეროდ, პოლიტიკური სიმწიფე არ ჰყოფნით იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილებებით დიდი ზიანი მიაყენონ თუნდაც საქართველოს. იმისთვის, რომ შეეცვალათ ხელისუფლება გარედან, საკუთარი ელჩი, საგარეო საქმეთა მინისტრები, კომისრები, პოლიტიკოსებიც კი ჩართეს საარჩევნო კამპანიაში. ამაზე მდაბიო საქციელი რა უნდა გვენახა საერთაშორისო პოლიტიკის გაგებით, როდესაც გადაეშვნენ თავით ყოველგვარი ვენის და სტრასბურგის, თუ ბრიუსელის კონვენციების დარღვევაში?! ყველა კონვენცია დაარღვიეს იმისთვის, რომ გარედან შეეცვალათ ხელისუფლება.
ჩათვალეს, რომ აქვთ ინსტრუმენტები, რომელიც თავის დროზე აშშ-ის წინა ადმინისტრაციას ჰქონდა და იყენებდა. ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა ეს ინსტრუმენტები, თქვა უარი სხვა ქვეყნებში ამგვარი პოლიტიკური ინტერვენციის და ევროკავშირმა, როგორც მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა რატომღაც ჩათვალა, რომ ახლა უნდა იკაცოს და თავად გახდეს მსოფლიო პოლიციელი. საბედნიეროდ, არ ჰყოფნის არც ამის კვალიფიკაცია და დიდ ზიანს ვერ აყენებს ქართველ ხალხს, რომელმაც ყველაფერი უკვე ძალიან კარგად გაიგო თუ რა განზრახვები აქვს ზოგიერთს ბრიუსელში საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.