ზემო ალაზნის მაგისტრალური არხი ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან იწმინდება
თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურდღელაურის ტერიტორიაზე, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის 3775 მეტრის სიგრძის მონაკვეთის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს. მაგისტრალური არხი იწმინდება ხე-ბუჩქნარისა და დაგროვილი დანალექი გრუნტისგან. ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სარწყავი წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სოფლების – შალაურის, ქვემო ხოდაშენის, წინანდლის, ბუშეტის, ვანთის, აკურის, კახიფრის, ვაჩნაძიანის, კალაურისა და შაშიანის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე.
საერთო ჯამში, გაწმენდითი ღონისძიებები ხელს შეუწყობს დაახლოებით 1000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის ეფექტიან მორწყვას.
პროექტი, რომელსაც შპს „საქართველოს მელიორაცია“ საკუთარი ძალებით ახორციელებს, დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.