მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში კამერული მუსიკის საღამო გაიმართება

17 დეკემბერს, 19:00 საათზე, მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“  შემდეგი კონცერტი გაიმართება. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, კამერული მუსიკის საღამო გაიმართება.
მონაწილეობენ: მარიო ბრუნელო, ჩელო / იტალია; გიორგი ვაჩნაძე, ფორტეპიანო / საქართველო / აშშ.
პროგრამა:
I განყოფილება
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – შვიდი ვარიაცია მოცარტის თემაზე ოპერიდან „ჯადოსნური ფლეიტა“ ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის;  სონატა ჩელოსათვის N3, ლა მაჟორი, თხზ. 69.
II განყოფილება
სერგეი რახმანინოვი – სონატა ჩელოსათვის სოლ მინორი, თხზ. 19.
——
მარიო ბრუნელო, მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და მოთხოვნადი არტისტია. სოლისტი, კამერული მუსიკის შემსრულებელი და დირიჟორი, პირველი ევროპელია, რომელმაც ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვება მოიპოვა (1986 წ.). უზადო მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მუსიკოსის მდიდარი რეპერტუარი მოიცავს, როგორც ადრეული ეპოქის მუსიკას, ისე თანამედროვე ნაწარმოებებს.
ბრუნელო აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა, როგორც იტალიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ და იღებს მონაწილეობას მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ ფესტივალებში. უაღრესად ემოციური და მკვეთრად ინდივიდუალური საშემსრულებლო სტილის მქონე შემსრულებელი, მარიო ბრუნელო, სისტემატურად უკრავს სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში, თანამშრომლობს სახელგანთქმულ ორკესტრებთან და უდიდეს დირიჟორებთან.
ბრუნელოს ფართო და მრავალფეროვანი დისკოგრაფიიდან, ალბომების სრული უმრავლესობა საერთაშორისო კრიტიკოსების მაღალი შეფასებით სარგებლობს.
მარიო ბრუნელო არის ფესტივალების Arte Sella და I Suoni delle Dolomiti სამხატვრო ხელმძღვანელი. აგრეთვე, 2020 წლიდან, იგი ხელმძღვანელობს ფესტივალს Stresa Festival.
გიორგი ვაჩნაძე – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, საერთაშორისო აღიარების ქართველი პიანისტი, ეწევა აქტიურ საშემსრულებლო და აკადემიურ საქმიანობას. იგი წარმატებით მართავს კონცერტებს აშშ-ში, კანადაში, ნიდერლანდებში, ფინეთში, იტალიაში, იაპონიაში, გერმანიაში, ტაივანში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში; მონაწილობს საერთაშორისო წამყვან ფესტივალებში და მასტერკლასებს ატარებს სხვადასხვა სამუსიკო-საგანმანათლებლო დაწესებულებაში – მსოფლიო მასშტაბით. გიორგი ვაჩნაძე იტალიის „ლესას ვილლა სანდრას საერთაშორისო საფორტეპიანო აკადემიის“ (Villa Sandra International Piano Academy in Lesa (Lago Maggiore) დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები