“ევროკომისიის კვლევების შედეგებით საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს, მაგრამ მარტა კოსი ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რასაც სისხლისღვრაში საქართველოს ჩართულობა ჰქვია” – ვოლსკი

“ევროკომისიის კვლევების შედეგებით საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს, მაგრამ მარტა კოსი ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რასაც სისხლისღვრაში საქართველოს ჩართულობა ჰქვია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მან გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადება შეაფასა, სადაც მან აღნიშნა: „იმედი მაქვს, ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს, თუმცა ეს მათ ხელშია“.

„მარტა კოსის განცხადება სამაგალითოა იმის საჩვენებლად, როცა გინდა ასწავლო ან ლექცია წაიკითხო თვალთმაქცობის შესახებ. ამ განცხადების სათაურია – თვალთმაქცობა პოლიტიკაში. ევროკომისია კვლევების შედეგებს ყოველდღე აქვეყნებს, სადაც საქართველოს მონაცემები ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ მარტა კოსი მაინც ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რასაც საქართველოს სისხლისღვრაში ჩართულობა ჰქვია. გარკვეული გარემოებები შეიცვალა, მაგრამ მთავარი ხაზი არ შეცვლილა. აღარ მალავენ, რომ ევროპისთვის უკრაინელები იხოცებიან და რუსეთისგან ევროკავშირს საფრთხე ემუქრება. მათთვის საქართველოში ისეთი ხელისუფლების არსებობაა აუცილებელი, რომელიც ქვეყანას ამ პროცესებში ჩართავს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ყველაფერი არჩევნებით გამოვლინდებაო. ქართულმა საზოგადოებამ არჩევნებით დაადასტურა, რომ არ აწყობს ის, რასაც ქვეყანას სთავაზობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოშიც იყო ჩამოსული და ხალხს სისხლისღვრისკენ მოუწოდებდა. ამას მხარი არ დაუჭირეს და ის გზა აირჩიეს, რაც ქვეყნის სტაბილურობას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ეს განცხადებები ანტიქართულია. ზოგიერთი ოფიციალური პირისგან რა განცხადებაც მოვისმინეთ, იმას ქართველთმოძულე თუ გააკეთებს. არჩევნები მომავალში იქნება და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, ქვეყანას რა სჭირდება. ხვალვე მზად ვართ, გარკვეულ საკითხებზე მოლაპარაკება დავიწყოთ. აუცილებელი არ არის ადამიანური სიყვარული გვქონდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ ექსტრემიზმი ფინანსდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები