“UNESCO-ს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უნიკალური და უძველესი კულტურის ქვეყანა ვართ” – თინათინ რუხაძე
“UNESCO-ს გადაწყვეტილება ქართული კულტურის კიდევ ერთი ტრიუმფია. საამაყოა, რომ საქართველომ უკვე მეცხრე ფურცელი გადაშალა მსოფლიო მემკვიდრეობაში – ქართული ჭიდაობის, ჯვრის მონასტრისა და გელათის, სვეტიცხოვლისა და ჩაჟაშის, ქართული დამწერლობისა და ქვევრის ღვინის, მრავალხმიანობის გვერდით, მსოფლიო საგანძურს ქართული ხორბალიც შეემატა”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ UNESCO-ს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურის შეტანასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მინისტრის თქმით, ხორბლის კულტურა ფასდაუდებელი სიმდიდრეა, რომელიც ქართველმა ხალხმა ადათ-წესებითა და რიტუალებით შემოინახა. მან ქრისტიანობაში, ეკლესიის წესებში ხორბლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და, ასევე, ხორბლის კულტურის შენარჩუნებაში ფერმერების, მეწარმეებისა და მეცნიერების როლს გაუსვა ხაზი.
“UNESCO-ს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უნიკალური და უძველესი კულტურის ქვეყანა ვართ; ჩვენი ერთიანობით კი შეგვიძლია, მსოფლიოს საქართველოს ისტორიისა და კულტურის მნიშვნელობა დავუსაბუთოთ”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
UNESCO-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა – მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა – ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა – მაკა ბოჭორიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა – დავით სონღულაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ – ნინო წილოსანმა.
ღონისძიებას თბილისის მერი – კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.