მაკა ბოჭორიშვილმა საზოგადოებას იუნესკოს მიერ ქართული ხორბლის კულტურის საერთაშორისო აღიარება მიულოცა
„იმედი LIVE“-ის ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იუნესკოს მიერ ქართული ხორბლის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანას გამოეხმაურა და ეს ფაქტი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებად შეაფასა.
„მინდა ყველას მივულოცო ის აღიარება. დღეს იუნესკოს არამატერიალური ფასეულობის კომიტეტმა აღიარა ჩვენი ხორბლის კულტურა მსოფლიო ფასეულობად და მემკვიდრეობად და ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა ჩვენთვის, მინდა ყველა ადამიანს მივულოცო, ეს ძალიან დიდხნიანი შრომა რომ ასე დაფასდა და ასეთი აღიარება მოიპოვა, ყველა უწყების წარმომადგენელს მინდა მადლობა გადავუხადო ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.