იდა თვარაძის (მონაზონი ზოილე) საიუბილეო რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, 17 დეკემბრიდან 2026 წლის 1 თებერვლის ჩათვლით, მხატვარ იდა თვარაძის (მონაზონი ზოილე) (1940 – 2006) საიუბილეო რეტროსპექტულ გამოფენას მასპინძლობს.
ეროვნული გალერეის ინფორმაციით, გამოფენა 17 დეკემბერს, 18.00 საათზე გაიხსნება. ვერნისაჟთან ერთად გალერეაში მხატვრის ალბომსაც წარდგენენ.
იდა თვარაძემ 1972 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის მონუმენტური ქანდაკების ფაკულტეტი. შესრულებული აქვს ქანდაკებები – იოანე პეტრიწი, კაბადოკიელი, ჯვარცმა, ანა კალანდაძე. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვეღარ აგრძელებს ქანდაკებაზე მუშაობას და იწყებს ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების შექმნას.
1974-1980 წლებში მუშაობდა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მხატვარ-რესტავრატორად. მონაწილეობდა სვეტიცხოვლისა და გელათის ტაძრების მოხატულობების საკონსერვაციო სამუშაოებში. იმავე წლებში თანამშრომლობდა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ნივთების აღწერის, ბიბლიოთეკისა და არქივის მოსაწესრიგებელ სამუშაოებში. ეკლესიასთან თანამშრომლობის გამო მუზეუმის ადმინისტრაციამ სამსახურიდან დაითხოვა. 1980 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს საპატრიარქოს ხატწერისა და რესტავრაციის განყოფილების ხელმძღვანელი.
1993 წელს იგი მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ზოილე უწოდეს. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი დაცულია საქართველოს საპატრიარქოში, ნაწილი კერძო კოლექციებში. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.
საბჭოთა ეპოქაში, რელიგიური თემატიკის გამო, იდა თვარაძის ნამუშევრები არ იფინებოდა. მხოლოდ 1994 წელს მოეწყო მისი ორი გამოფენა გერმანიის ქალაქ ბადონჰაუზენში და პირველი ფართო, პერსონალური ექსპოზიცია თბილისში, რომელიც უკანასკნელიც აღმოჩნდა მის ცხოვრებაში. მიმდინარე გამოფენა წარმოაჩენს იდა თვარაძის შემოქმედებით გზას, რომელიც დაიწყო, როგორც მოქანდაკემ, გააგრძელა როგორც გრაფიკოსმა და ფერმწერმა.