ეროვნული არქივი საერთაშორისო კვლევით პროექტებში არქივების როლზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მაქს ვებერის ფონდის თბილისის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში „უცხოელი ექსპატრიანტები სამხრეთ კავკასიაში: საერთაშორისო საოჯახო საწარმოები საქართველოსა და აზერბაიჯანში, 1850-1925“ მიიღო მონაწილეობა.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ბალტიიდან შავი და კასპიის ზღვებს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე მოქმედი მეწარმეების საქმიანობის, ასევე აზერბაიჯანის ნავთობზე წარმოქმნილი მოთხოვნის შესახებ; სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ტრანსნაციონალურ და გლობალურ კავშირებზე; მუშების, ქალთა და ლტოლვილთა გამოცდილებაზე.
სამუშაო შეხვედრის დასკვნითი ეტაპი დაეთმო დისკუსიას მრგვალი მაგიდის ფორმატში. მაქს ვებერის აღმოსავლეთ ევროპის ქსელის დირექტორმა სანდრა დალკემ ყურადღება გაამახვილა არქივების როლზე სამხრეთ კავკასიაში მიგრაციის, ექსპატრიანტებისა და მეწარმეობის ისტორიის კვლევაში. ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ისაუბრა ეროვნულ არქივში დაცულ ფონდებზე, არქივის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე დოკუმენტების გაციფრულების, დაცვისა და ხელმისაწვდომობის, ასევე საერთაშორისო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის კონტექსტში.
შეხვედრა მაქს ვებერის ფონდის თბილისის წარმომადგენლობის, ჰელსინკის უნივერსიტეტის ალექსანტერის ინსტიტუტისა და მაქს ვებერის აღმოსავლეთ ევროპის ქსელის ორგანიზებით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული არქივი აქტიურად თანამშრომლობს მაქს ვებერის თბილისის წარმომადგენლობასთან, რაც ოფიციალურად 2024 წელს ხელმოწერილი მემორანდუმით გაფორმდა. 2025 წელს კი არქივმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ჰელსინკის უნივერსიტეტის ალექსანტერის ინსტიტუტთან და ეს უწყებების პირველი ერთობლივი ღონისძიებაა.