ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: გახარიას მოკითხეთ, რომლის გაცემული ბრძანებითაც სამწუხაროდ, ახალგაზრდებს თვალები დათხარეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია, ძალადობრივი აქციების დროს მათი წყლის ჭავლში გარევა ჩვეულებრივი პრაქტიკაა და მას ევროკავშირის წამყვან ქვეყნებშიც იყენებენ.

ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის, გიგა ფარულავას მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„თქვენს ბრალდებებს მინდა გამოვეხმაურო, გიგა ფარულავა იმეორებს, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია და მშვიდობიანი აქცია იყო. მე არ ვიცი თქვენ ტელევიზორში მაინც თუ უყურებდით, ან შეიძლება მონათხრობით იცით, მაგრამ ნებისმიერ არხზე, რომ გადაგერთოთ ერთი და იგივე სურათს დაინახავდით, სადაც პარლამენტს ცეცხლი ეკიდა და პოლიციელებს სახეში პიროტექნიკას და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი ძალადობრივი აქცია! თქვენ თუ გინდათ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი პატრონების, ვისი ვერტიკალითაც თქვენ იმართებით, ნარატივს გაჰყვეთ, ეს თქვენი პრობლემაა და ჩვენი მოქალაქეები ამას სათანადო ანალიზს გაუკეთებენ.

ერთი სიტყვა არ გითქვამთ იმ 170-ზე მეტ დაზარალებულ პოლიციელზე, რომლებსაც პიროტექნიკით დამწვრობები მიაყენეს და ქირურგიული ჩარევები დასჭირდათ, ერთ-ერთმა საერთოდ მხედველობაც დაკარგა. თქვენ ეს არ გაინტერესებთ! თქვენ გაინტერესებთ, რომ ილაპარაკოთ იმ „მესიჯ ბოქსით“, რომელიც თქვენთვის არის გამოგზავნილი. თქვენი თამადობით ვერავის ვერ დავაგმობინეთ, რომ ძალადობრივი აქცია არ შეიძლება, თორემ ძალადობის გარეშე გამართულ აქციაზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი რამ გააპროტესტოს, თუ ეს კანონის ფარგლებში ჩაჯდება. მაგრამ როდესაც პოლიციელებზე ხდება შეტევა, ჩვენ ერთ აზრზე უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ძალადობა დაუშვებელია, მაგრამ აქაც თქვენ ადასტურებთ, რომ „ნაცების ნარატივში სხედხართ“ თავიდან ბოლომდე.

თქვენ განცხადებაში ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზიანებაც ახსენეთ და სერიოზული კვალი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით თქვენს სტიპენდიანტ ბატონ გახარიას მოკითხეთ, რომლის გაცემული ბრძანებებითაც სამწუხაროდ, ახალგაზრდებს თვალები დათხარეს. მან შემდეგ ჩვენ გმირ პოლიციელებს ბინძურად შეაწმინდა ხელი, როდესაც განაცხადა, რომ პოლიციელებმა თვითნებურად იმოქმედესო და მას ეს ბრძანება გაცემული არ ჰქონდა. შესაბამისად, თუ რამე კვალზეა საუბარი, პირველ რიგში კითხვა ბატონ გახარიასთან უნდა გქონდეთ.

წყლის ჭავლში ნივთიერების შერევაზეც მოვისმინე თქვენი პრეტენზია. თქვენ უფრო ჩახედულები უნდა იყოთ და უნდა იცოდეთ, რომ ის ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია, ძალადობრივი აქციების დროს წყლის ჭავლში მათი გარევა ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებშიც ეს მიღებული პრაქტიკაა. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნივთიერება კანონიერი იყოს. შესაბამისად, ამ საკითხზე გამოძიება დასრულებულია და წერტილი აქვს დასმული“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები